„ამ შემთხვევაში გიორგი გახარია მართალია“ – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს პრესკონფერენცაზე განაცხადა. მან თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გუნდთან ვერ მიაღწია ერთობლივ აზრს და მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს თანამდებობა.
„გახარია არ იყო მიუღებელი ტიპი, იყო 50/50-ზე, 0 არასდროს არ ყოფილა. მას სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა უპირატესობა ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თავისი ცხოვრების მომავლისათვის. ძალიან საინტერესო წინადადებებით წავიდა, რომ იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა, ასეთი გამოწვევაა, პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიცია ითხოვს ხელმეორედ არჩევნებს, ამ დროს არაფრის გამო იწყებ ახალ კრიზისს(მელიას დაპატიმრებას), რა თქმა უნდა გახარია მართალია, ამ შემთხვევაში“-ამბობს თემურ ჭყონია.
რაც შეეხება პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელის კანდიდატურას, ბიზნესმენი აცხადებს, რომ თუ მთავრობის შემადგენლობა იგივე დარჩა და მხოლოდ მთავრობის მეთაური შეიცვლება, ეს რეალობას არ ცვლის.
„ახალ პრემიერ მინისტრს რომ აირჩევენ, რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი, რომ ჩვენ გაგვიკვირდეს?! ვისაც აირჩევენ, ჩვენთვის არ იქნება მოულოდნელი, იმიტომ, რომ არჩევანი არის ძალიან პატარა, ერთ წრეში ტრიალებენ, თავის წრეში ეძებს სამწუხაროდ, მმართველი პარტია ნდობით აღჭურვილ პირს. ჩვენ არ გვჭირდება ნდობით აღჭურვილი პირი, ჩვენ არ გვჭირდება ცნობადი სახე, ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი, წესიერი ადამიანი, რომელიც ინტელექტუალებისგან შექმნის მთავრობას.
ახლა გადამდგარი მთავრობა თუ ისევ შეიკრიბა, ერთი კაცის ცვლილება რას მისცემს სახელმწიფოს? არაფერს!“-აცხადებს თემურ ჭყონია.