პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს.
„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გავიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი დამოკიდებულება ადამიანებთან, როცა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი საზოგადოების წევრებით ხალხის ხარჯზე გააკეთეს ისეთი აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული, მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი თავისი მიზნის მისაღწევად, ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში, ყველგან, სადაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ შორის ჟურნალისტები და ერთ-ერთი აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი პირდაპირ აცხადებდა , რომ ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეთ ამ პოლიტიკური ძალისგან?
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე 8 წელია აანონსებს ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას, ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა, როგორც ხედავთ მან დღემდე ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის სჯერა მისი სიტყვების, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში“,- განაცხადა თალაკვაძემ.