ექსპერტი გია ხუხაშილი ფიქრობას რომ ახლა, არის იმაზე ფიქრის დრო, თუ როგორ გამოვიყენოთ შანსი, რაც გახარიას გადაყენებამ შექმნა.მან ამის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა:
“ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე.
პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ელიტა კი არა, მთელი საზოგადოებაა პოლარიზებული და რადიკალიზებული. შუა აქაც გაკრეფილია – ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა.
მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებთ და ცვლილებებს ვითხოვთ, რეალურად არაფრის შეცვლა არ გვინდა.
სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ ისტორიულმა პროცესმა ის დატვირთა როგორც ცოდვებით, ასევე წარმატებებით.
ჩვენც მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს,ასე უნდა შევხედოთ, მთელი თავისი სირთულეებით და არა ზედაპირულად, პლაკატურად ვაფასოთ საკუთარი შეხედულებების, ან პოზიციების შესაბამისად.
ფაქტი ერთია – მისმა დღევანდელმა ნაბიჯმა გააჩინა პოლიტიკური პროცესის კორექტირების შანსი უკეთესობისკენ. ანუ, კრიზისიდან გამოსვლისთვის მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად.
ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ეს შანსი დავინახოთ და გამოვიყენოთ, მისი ძველი ცოდვების განხილვით ვართ დაკავებული, ან მისი პერსონით აღფრთოვანებული.
მეგობრებო, მისი დღევანდელი ნაბიჯის დაფასება არ ნიშნავს ძველი ცოდვების განულებას.
მისი პლიუსების და მინუსების სალდო შედგება და დავინახავთ რა გადაწონის.
ახლა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მისმა გადადგომამ გააჩინა.
ეს არის მთავარი.”