მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე, რომელსაც ივანიშვილების ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, ამბობს, რომ “ოცნებაში” გაწონასწორებული, წესიერი ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს ჩვეულებრივი ბომჟები არიან, რომლებიც ქუჩაში ყოფნას იმსახურებენ: “- იცით, ივანიშვილი ყოველთვის იცავდა იმ ადამიანებს, ვინც მას ლანძღავდა. მას აუგად არავინ მოუხსენიებია, პირიქით, ყველას მიმართ არის თანაგრძნობით და ყველაზე კარგად, დეტალურად იცის ქართველი ხალხის მდგომარეობა და გაჭირვება. ამ ურაპატრიოტი ნეობოლშევიკების ჯგუფებმა ტვინი წაიღეს, კრიზისიაო. კრიზისი მათ ტვინებში აქვთ. არ მინდოდა პოლიტიკაში გადავსულიყავი, მაგრამ გავბრაზდი… ეს 50 კაცი მართლა რუსეთის დაკვეთას ასრულებს მაშინ, როცა გეოპოლიტიკურად საშინელი მდგომარეობა გვაქვს და ბეწვის ხიდზე გავდივართ. საოცრებები ხდება… მიშა და ბიძამისი ჩვეულებრივი და ცნობილი კე-გე-ბე-ს აგენტები არიან და ახლა სრულიად რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, რუსებს და მიშას უნდათ ამ ქვეყანაში არეულობა, სხვას არავის! ჩემი ინტერესია ჩემი ქვეყანა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში. თუ შედიან, შეეთრიონ ამ პარლამენტში. ძალიანაც არ მინდა მათი ისტერიკების მოსმენა და ატანა, მაგრამ როცა ჩემს ქვეყანას ასე სჭირდება, ამაზეც თანახმა ვარ. კე-გე-ბე-ს პირველი სლოგანი იყო: დააბრალე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუსეთის წისქვილზე ვინ ასხამს წყალს, ეს აშკარაა. არანაირი დამსახურება არ მაქვს, რომ ჩემი სტატიები და გამონათქვამები გამოქვეყნდეს, მაგრამ იმ ოჯახის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც მართლა ეთქმის სიტყვა. ჩემი ცხოვრება ხელისუფლებების ცვლილებებთან ერთად არ იცვლება. ამ მთავრობის წევრების არც სახელები ვიცი, არც გვარები და არც მჭირდება. უბრალოდ, ვხედავ, რომ “ოცნებაში” არიან გაწონასწორებული, წესიერი ადამიანები, მეორე მხარეს კი არიან ჩვეულებრივი ბომჟები და ისინი დაე, იყვნენ ქუჩაში.
“ოცნებაში” არიან გაწონასწორებული, წესიერი ადამიანები, მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი ბომჟები”
ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში, ჭიჭინაძის პასუხი ასეთია:
‘საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში? – ვერაფერს გეტყვით, თუმცა არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა დაუშვას ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხა, ამაში დარწმუნებული ვარ, მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და იმიტომ. მართლა არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის ორი შვილის გაზრდის გარდა, არაფერი გამიკეთებია. ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ამ ოჯახს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს”.- აცხადებს ჭიჭინაძე “AMBEBI.GE -სთვის მიცემულ ინტერვიუში.