საქართველოს მუნიციპალიტეტებში სულ საკრებულოს 367 ფრაქცია არსებობს, რომლებშიც. საერთო ჯამში, 774 თანამდებობის პირი (ფრაქციის 367 თავმჯდომარე და მისი 407 მოადგილე) არის დასაქმებული; ამასთან, ფრაქციასთან დაკავშირებული საკრებულოს ამ 774 თანამდებობის პირის მარტოოდენ შრომის ანაზღაურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ყოველთვიურად ჯამურად 1.157.580 ლარი, ხოლო წლიურად კი – 13.890.960 ლარი იხარჯება. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს მიღებულმა ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ფრაქციების რაოდენობის ხელოვნურად (მათ შორის კანონისთვის გვერდის ავლის გზით) გაზრდის ცდუნებასა და პატარ-პატარა, ძირითადად, 3-კაციან ფრაქციებად (საიდანაც ორი საკრებულოს თანამდებობის პირია) დათიშვის არასახარბიელო ტენდენციას ჩაუყარა საძირკველი. შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება საკრებულოს ფრაქციათა რიცხვის ხელოვნურად გაზრდის პრეცედენტები (დაწვრილებით იხ. ქვემოთ). ამ მხრივ, საკმარისია აღინიშნოს თუნდაც ის გარემოება, რომ, 2018 წლის 31 მაისის ფაქტობრივ მდგომარეობასთან (როდესაც ეს არასახარბიელო ტენდენცია ახალი დაწყებული იყო) შედარებით, საკრებულოს ფრაქციათა რიცხვი ადგილობრივ თვითმმართველობებში 42-ით, ფრაქციის თანამდებობის პირთა რაოდენობა – 98 ერთეულით, ხოლო ფრაქციის თანამდებობის პირთა სახელფასო უზრუნველყოფის ჯამური წლიური ხარჯი კი – 1.793.160 ლარითაა გაზრდილი (შესადარებლად იხ. https://droa.ge/?p=29788 ).