“მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე” – ლანჩხუთის მერსა და მაჟორიტართან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიას ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა
გიორგი გახარიას
“მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის კოვიდინფიცირების გამო, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს შეეხებოდა.
გახარიას თქმით, მას და “ქართული ოცნების” ყველა წევრს პირბადე ეკეთა მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში ნინო წილოსანთან ერთად მონაწილეობდა.
“არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას – მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვთქვათ, ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, უმაღლესი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი. რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.