“1000 მშობლის მარში”- ოზურგეთი აქციას უერთდება

26 თებერვალს 17 საათზე ერთდროულად, საქართველოს 12 ქალაქში, კამპანიის “ნინის გამო” ფარგლებში, აქცია გაიმართება. “1000 მშობლის მარშს” ოზურგეთიც უერთდება და ყველა მსურველს ჭადრების ბაღში იწვევს.

გთავაზობთ განცხადებას სრულად, რომელიც ქალთა მოძრაობამ გაავრცელა:

“ოზურგეთი უერთდება 1000 მშობლის მარშს!
#გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!
#გამო – თქვი, #გამო – დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი.
#მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
26 თებერვალს, 17:00 საათზე შემოგვიერთდი „1000 მშობლის მარშზე“.
მოდი ჭადრების ბაღში, რათა სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები:
შეცვალეთ!
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით!
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ!
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ!
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს!
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
#მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.
შემოგვიერთდით!”- წერია ფეისბუკ განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share