“ჩვენი  ამოცანაა, კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის”- ზურაბ გურულის რეკომენდაცია  

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლებას მიმართავს, როგორ უნდა მოიქცნენ თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდებათ:

პატივცემულო თანამემამულენო,
ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს. ისინი ისევ თქვენი ექიმები არიან და ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა.
ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილით, დიარეით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი ქოშინით დატვირთვისას.
თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად. ძალიან დიდი ალბათობით კორონა გაქვთ და ტესტის დადებითი პასუხი არაფერს შეცვლის. ქართული ინტერნეტი სავსეა ექიმების რეკომენდაციებით, თუ როგორ უმკურნალოთ გაურთულებელ კორონას სახლში. ამობეჭდეთ და დაურიგეთ იმათ, ვისაც კომპიუტერთან წვდომა არა აქვს.
ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის, რომლებიც აუცილებლად დაიღუპებიან ჰოსპიტალიზაციის გარეშე.
ატარეთ ნიღაბი!!! ატარეთ წესიერად!
როგორმე მოითმინეთ საჯარო გართობის გარეშე ცოტა ხანი, სანამ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.
ვისთვისაც გარეთ გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გავიდეს; ოღონდ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. თუ ამას გავაკეთებთ, ნელნელა ყველა ბიზნესს ავამუშავებთ, რესტორნების ჩათვლით.
სასწავლო დაწესებულებებმა როგორმე გადაწყვიტეთ ონლაინ სწავლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხი. სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებს ნუ ატარებთ კოვიდიან კლინიკებში, თუ მათ სპეციალური წვრთვნა და აღჭურვილობა არა აქვთ!
გავრცელება უნდა შევაჩეროთ რაც შეიძლება სწრაფად და ამას მარტო ვერავინ შეძლებს.”- წერს ექიმი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share