საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ საელჩო მთავრობის გადაწყვეტილებით “ღრმად შეშფოთებულია”.
მათი განცხადებით, ქვეყანამ დემოკრატიისა და ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე უკან დაიხია.
”ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”, – წერს საეჩლო.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.