ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა
დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მუნიციპალური შენობის ორივე შესასვლელში მოეწყო საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ კონკურსის ფარგლებში მომზადებული ისტორიული ფაქტებისა და რეჟიმის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალების გამოფენა.
საბჭოთა რუსეთის მე -11 არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს აზერბაიჯანის მხრიდან შეიჭრა. ბრძოლები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯრის მდელოებზე გაიმართა, სადაც საბრძოლო გამოცდილების არმქონე სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს.
1921 წლის 25 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი კოჯრის მახლობლად გმირულად დაეცა. გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს მუნიციპალური შენობის წინ სახელმწიფო დროშები დაეშვა.