გამოცემა The Guardian-ის ცნობით ვინსენტ ვან გოგის დღემდე უცნობი ნახატი სოტბის აუქციონზე გაიყიდება.
ლეგენდარული მხატვრის ნამუშევარი “ქუჩის სცენა მონმარტრზე” 1887 წლით თარიღდება. სურათი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან კერძო კოლექციაში ინახებოდა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
სურათზე Moulin de la Galette(გალეტის წისქვილი) არის გამოსახული, რომელიც ზემო მონმარტრში დღესაც დგას. 1910-1930 წლების პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო საკუთარ ნამუშევრებში არაერთმა მხატვარმა ასახა, მათ შორის იყვნენ თეოდორ რუსო, პიერ-ოგიუსტ რენუარი, ანრი ტულუზ-ლოტრეკი, რამონ კასასი და პაბლო პიკასო. 1939 წლიდან წისქვილმა არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიიღო.
აუქციონის ჩატარებამდე ნახატი პარიზში, ლონდონსა და ამსტერდამში გამოიფინება. ექსპერტები ვან გოგის უცნობ ნამუშევარს 8 მილიონ ევროდ აფასებენ.