მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

კომპანია მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს. ბილეთების გაყიდვა ინტერნეტით დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან გაიხსნება.

რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share