გერმანიაში სამუშაოდ წასულებს ხელფასი საქართველოში დაერიცხებათ

ყველაფერი ის, რაც გერმანიაში დასაქმების მიზნით წამსვლელებმა უნდა იცოდეთ!

15 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში, არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge
„დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. გერმანიასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები, მალე საფრანგეთსა და ისრაელშიც შეძლებენ დასაქმებას“, – ეს განცხადება ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სიმონიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე დაყრდნობით გააკეთა. საზღვარგარეთ დასაქმების დეტალების გასარკვევად, „ვერსია“ ლევან სიმონიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს:

– ახალი ამბავი არაა ისრაელსა და საფრანგეთში დასაქმება, რადგან მოლაპარაკება საფრანგეთთან 2018 წელს დაიწყო. მემორანდუმი გაფორმდა, ეს პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელიც მოაწერა. ახლა, ყველაფერი ეს განახლდა და ვფიქრობ, წლის ბოლომდე, საფრანგეთში დასაქმება შესაძლებელი იქნება. 2020 წლის 1 ოქტომბერს კი, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, შრომის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მემორანდუმიც გაფორმდა. პანდემიიდან გამომდინარე, ისრაელში „ლოქდაუნი“ მეორედ გამოცხადდა, თუმცა ახლა ისრაელი რეაბილიტაციასა და საზღვრების გახსნას ნელ-ნელა იწყებს ანუ 1 მარტიდან, ისრაელში 2000 ადამიანზე მეტს შესვლა არ შეეძლება და თუ ვინმეს გამგზავრება უნდა, კოვიდპასპორტის წარადგენის შემთხვევაში, უპრობლემოდ შევა. ასე რომ, ვფიქრობ, წლის ბოლომდე დასაქმება ისრაელშიც შესაძლებელი იქნება. ასევე, შეიძლება იყოს კიდევ ორი სხვა ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან.

– თქვენი ინფორმაციით, ისრაელსა და საფრანგეთში რა ტიპის დასაქმება იქნება შესაძლებელი?

– ისრაელთან დაკავშირებით ითქვა, რომ შესაძლებელი იქნება მოხუცების მოვლა და ოჯახის დამხმარედ დასაქმება. თუ იქნება კვალიფიციური მედპერსონალი, ამ სფეროშიც იქნება სამსახურები, მაგრამ ძირითადად, ოჯახის დამხმარედ შეძლებენ დასაქმებას. საფრანგეთის შემთხვევაში ჯერ არაფერი თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, გერმანიის მსგავსად, აგრარული სფერო იქნება და არაა გამორიცხული, ოჯახში დამხმარედ დასაქმებაც იყოს შესაძლებელი.

– საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში სამთვიანი მოგზაურობის უფლება ისედაც აქვთ, მაგრამ დასაქმების – არა. ეს პროგრამა ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას იძლევა?

– დიახ. ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეთა დასაქმებას ევროპის წევრ და შენგენის ზონის ქვეყნებში არ გულისხმობს. სამი თვის განმავლობაში, ჩვენ მხოლოდ მოგზაურობის უფლება გვაქვს და თუ ვინმე დასაქმდება, მხოლოდ არალეგალად. არალეგალურ დასაქმებასა და ხელშეწყობაზე კი კანონები გამოვიდა, რომლითაც ის პირი, ვინც დაეხმარება და დაასაქმებს არალეგალს, დაისჯება. ამ პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, ლეგალურად დასაქმდნენ. ამაში ჩართულია ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროები და ხდება აპლიკანტების გადარჩევა. შემდეგ, დიდი ალბათობით, დაინიშნება გასაუბრება და შეირჩევიან კონკრეტული ადამიანები. რა თქმა უნდა, ყველა მსურველი ვერ შეძლებს წასვლას იმიტომ, რომ აპლიკანტებს გადაარჩევენ, სადაც ყურადღებას მიაქცევენ მოგზაურობის ისტორიას ევროპაში, ასევე, იმას, აქვს თუ არა, რაიმე სამართლებრივი გადაცდენა…

– ყურადღება საბანკო ისტორიასაც მიექცევა?

– ჩემი აზრით, ამ საკითხსაც დიდი ყურადღება მიექცევა. ვისაც კრედიტი აქვს, ვფიქრობ, წასვლის უფრო მეტი პრივილეგია ექნება, რომ ვალის დაფარვაში მიეხმაროს ეს სამუშაო. საგულისხმოა, რომ იქ ხელფასს ხელზე არ აიღებენ და დაერიცხებათ საქართველოში.

– ანუ, გერმანიიდან ხელფასი საქართველოში გადმოერიცხებათ?

– საკვებისა და საცხოვრებლის თანხა ხელფასიდან ჩამოეჭრებათ. დანარჩენი თანხა კი საქართველოში გადმოირიცხება. კონტრაქტში შეიძლება ჩაიწეროს: კანონით გათვალისწინებული 8-9-საათიანი სამუშაო დღე, მაგრამ რეალურად, შესაძლოა, 10-12 საათის სამუშაო დაგხვდეთ, სადაც დამატებით ანაზღაურებას მიიღებთ. თუ სამუშაოს დასრულების შემდეგ, კიდევ რამდენიმე საათით გააგრძელებთ მუშაობას, ნაღდი ფულით, ზედმეტ ანაზღაურებასაც გადაგიხდიან. ოფიციალური ხელფასი უნდა გადმოირიცხოს, გატარდეს ფინანსთა სამინისტროში, დაიბეგროს და ჩამოიჭრას საშემოსავლო. ამ თანხის გამოყენება იქაც შეიძლება და საქართველოშიც.

– ისე, გერმანიაში, საათობრივ ანაზღაურებად 9.5 ევრო დასახელდა, ეს რამდენად სახარბიელო ხელფასია?

– ეს ევროპისთვის სტანდარტული ანაზღაურებაა. მე ესპანეთში ვცხოვრობ და ნორმალური ხელფასი, საათში 10 ევროა. შეიძლება, 12 ან 15 ევრო იყოს, მაგრამ გააჩნია, სად ხარ დასაქმებული. როგორც მაქვს ინფორმაცია, სასოფლო-სამეურნეო სფეროში, საათში 10 ევროზე მეტი, არავის აქვს. აქ, ძირითადად, ზეთისხილის კრეფაა, რაზეც მაქსიმალური ანაზღაურება 9 ევროა საათში და ძალიან კარგი ხელფასია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წასულებიდან, დაახლოებით, 20%, ალბათ, უკან დაბრუნდება, რადგან, ვფიქრობ, ვერ შეძლებს სამუშაოს შესრულებას. ზოგს ძალიან მარტივი ჰგონია, ზოგს საერთოდ არ აქვს ნამუშევარი და თუ კონკრეტული გამოცდილება არ გაქვს, რთულია. მაგალითად, ვენახში რომ შეგიშვებენ გასასხლავად და არ გეცოდინება, გააფუჭებ ვაზს. ამიტომ როდესაც აპლიკაციას ავსებ, იქ არის კითხვები, კონკრეტულ სფეროში რა გამოცდილება გაქვს და რა იცი.

– ალბათ, იქ სპეციფიკურ ტექნიკაზე მუშაობაც იქნება საჭირო, არა?

– დიახ, ხელით სამუშაო არ იქნება. ამიტომაა, რომ აუცილებლად ითხოვენ მინიმალურ დონეზე, ინგლისურისა და გერმანულის ცოდნას.

– ბატონო ლევან, რას ურჩევთ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს?

– დასაქმების პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენონ, მაგრამ არ დარჩნენ ევროპაში. მოლოდინი მაქვს, რომ ვინც წამოვა, იქიდან 40% დარჩება ემიგრანტად. არ მინდა, რომ საქართველო დაიცალოს. 60 000 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა წასვლის მსურველად და სანამ რეგისტრაცია დასრულდება, ალბათ, კიდევ უამრავი დარეგისტრირდება. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ხელშეწყობა საქართველოში, რომ ეს გამოვიყენოთ. მას, ვინც უყურებს, რომ შვილს შია, ურჩევნია, წავიდეს ევროპაში, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ საქართველო არ დაიცალოს. პირადად მე, მზად ვარ, ნებისმიერ ემიგრანტს გვერდით დავუდგე – რომ ჩამოვა, დავეხმარო, არავინ დავტოვო ქუჩაში და შესაბამისად დავაკვალიანო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share