ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და მის ფარგლებში ოპოზიციასაც შეხვდება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გაემგზავრება და მისი ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტამდე ის მოლდოვის დედაქალაქში, პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან.
“საქართველოში შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და კორონავირუსის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი ასევე განხილვის მთავარი საგანი იქნება.