პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიას წერილი წაუკითხა ციხიდან. მელია წერს, რომ მისგან “თავისუფლების ქირა” და ხარკი მოითხოვეს, მან მთავრობას უთხრა, რომ “თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო”.
“მოგესლმებით და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხაირა, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.
ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მე ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ნება, მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება, ვიცი რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველ გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას”, – დაწერა ნიკა მელიამ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელმაც 23 თებერვლის შტურმის დროს მაქსიმალური მოთმინება გამოიჩინა და ვინც თავისუფალი საქართველოს იდეას იცავდა. მელია აცხადებს, რომ არის ციხეში, მაგრამ არის თავისუფალი და უკეთესი საქართველო დღეს იწყება.