პარლამენტის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.როგორც მოძრაობა “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა ლაშა ხუსკივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ, 12:00 საათზე ისინი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ .
“ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მივიღეთ გადაწყვეტილება პერმანენტულად დავიწყოთ გასვლითი აქციები. ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც მას შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ ისაა და ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამიტომ, ხვალიდან დაიწყება პერმანენტული აქციები და ყველა ტრიბუნიდან შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დღეს ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფრის სათავე სწორედ ისაა. მას მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩატარებაც და ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებაც”,- განაცხადა ხუსკივაძემ.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ 14 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები, დროშები. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და ღამეს კარვებში ათენებენ.