პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის. “როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ჩვენ შეთავაზებების ფარგლებში შეგვიძლია მუდმივი რეალური დიალოგის რეჟიმი გავაგრძელოთ ოპოზიციასთან. იმედი მაქვს, ის მოცემულობა, რაც ოპოზიციის ძალისხმევით მივიღეთ ქვეყანაში, მაქსიმალურად დროულად აღმოიფხვრება. ნებისმიერი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იქნება თუ ინსტიტუცია, რომელმაც ამ დღეების მანძილზე განცხადება გააკეთა, თითოეული ასეთი განცხადების სულისკვეთება იყო დეესკალაცია და იმ ტემპერატურის დაწევა, რომელიც ოპოზიციის მაქსიმალური რადიკალიზების სურვილიდან გამომდინარე მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ ვიზიარებთ ამ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით, ყველაფერს ვაკეთებთ”,- განაცხადა წილოსანმა.