სამადაშვილი მიშელთან შეხვედრაზე: კრიზისიდან გამოსვლაში ევროკავშირი აქტიურად იქნება ჩართული

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს პოლიტიკური ინტერესის დაძლევაში გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს. სამადაშვილის თქმით, ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ევროკავშირი აქტიურად იქნება ჩართული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში.

სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში განვითარდება ისეთი მოვლენები, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება.

“ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი. ევროკავშირს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში აქვს გეოპოლიტიკური ინტერესი. მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი დემოკრატიული პროცესი და ეს შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შარლ მიშელის საქართველოდან წასვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესებით აღარ დაინტერესდება.

“ის დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს – მათ შორის, ხელისუფლებაზეც”, – აცხადებს სამადაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს ესმით, რომ შეუძლებელია, ხელისუფლება ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს აკავებდეს და ამავდროულად, დიალოგზეც საუბრობდეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share