“ივანიშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩემი შენარჩუნება”

“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა” ორ ადამიანს – მას და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, დღეს კი არცერთი მათგანი ფორმალურად ხელისუფლებაში აღარ არის. პოლიტიკაში არიან თუ არა, ეს სხვა საკითხია… შესაძლოა, გახარიამ დაინახა ეს საფრთხე და ამიტომაც გადადგა, რასაც მოჰყვა მოვლენების სხვა გზით განვითარება. რადგან პირველი გეგმა ჩაიშალა, მერე უკვე განხორციელდა მეორე, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

– ახალმა პრემიერმა ცნობილი გამოსვლის შემდეგ მოახერხა და ქვეყანა რამდენიმე წლით

უკან გადააგდო… არ გამოვრიცხავ, რომ იმ ჯგუფს, რომელსაც ეს ხალიჩისქვეშა თამაშები ჰქონდა ჩაფიქრებული, ვერ წარმოედგინა, თუ ასეთ მძიმე შედეგებს მიიღებდა, თუმცა, ვიმეორებ – რაც გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი, მხოლოდ ვარაუდია. რა თქმა უნდა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლების ეს ქცევა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიბრიყვე და

კუნთების თამაში, ქვეტექსტის გარეშე…

– თუ გავითვალისწინებით, რა ტიპის შავი პიარი – ყალბი ინფორმაციების გავრცელება დაიწყო გახარიას წინააღმდეგ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ თქვენი ნავარაუდევი გეგმა მართლაც არსებობდა….
– სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით ეს ტექნოლოგიური ხაზი. ადამიანი, რომელიც გადის სისტემიდან, ამ სისტემისთვის პოტენციურ საფრთხედ იქცევა, მით უფრო, ისეთი ფიგურა, რომლის პოლიტიკური წონა დარჩენილი სისტემის პოლიტიკურ წონას აჭარბებს. ამიტომაც იწყება მისი პოლიტიკური მკვლელობის ოპერაცია.

ბუნებრივია, ეს შავი პიარი მოდის ხელისუფლებიდან. ნახეთ, რა ვითარება მივიღეთ – ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ გაუგებარ მასას ძალაუფლება აჩუქა, ელემენტარული მადლიერებაც არავის გამოუხატავს. ბუნებრივია, დღეს მისი დისკრედიტაცია “ქართული ოცნების” ამოცანაა, ამისთვის კი ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ამ ეტაპზე არაპირდაპირ იმოქმედებენ, არ გამოჩნდებიან და ამ ურაპატრიოტული, ანგაჟირებული ჯგუფების მეშვეობით წარმართავენ გახარიას გასაშავებელ” კამპანიას, რომ ემანდ არაფერი გაბედოს და პოლიტიკაში არ შემობრუნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო შორსაც წავიდნენ.

– ბარემ აქვე გკითხავთ – რას ფიქრობთ გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე?

– დღევანდელი გადასახედიდან მისი გააქტიურება ნაკლებად სავარაუდო მგონია. მეეჭვება, ის ამას აპირებდეს, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა რთული პროცესია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდოდი პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ წავედი… ქართულ სისტემას აქვს ასეთი ფსიქოლოგია, შეიძლება ითქვას, ნახევრად კრიმინალურიც, როცა სისტემიდან გასვლა ღალატად ფასდება და სისტემა იწყებს შენ წინააღმდეგ მოქმედებას. სწორედ ეს ხდება ახლა გახარიას შემთხვევაში და ეს ძალიან სახიფათო პროცესია. სწორედ ამ მიზეზით მავანს უწევს პოლიტიკაში დარჩენა, რათა თავი დაიცვას.

პოლიტიკიდან ჩემი წასვლის თაობაზე ბევრი შეთქმულების თეორია შეითხზა, მათ შორის ის, რომ მე გამომიშვეს, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომლის განხორციელება ძალიან რთული აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩემი შენარჩუნება, ბოლოს ურეკში ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად და კიდევ ერთხელ მოსინჯა ნიადაგი პოლიტიკაში ჩემი დარჩენისთვის… მოკლედ, ეს ადამიანურადაც ძალიან რთული იყო… ახლა გახარიაც ამ მდგომარეობაშია. მას აქვს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი, რომლის რეალიზება შეუძლია, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაინც მგონია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება. მის პოლიტიკაში შემობრუნების შანსს ასე შევაფასებდი – 50/50.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share