თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი.
როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.
ჰოჯესის თქმით, ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება.
„ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება. არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის „ლიდერშიპი“ ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება“,- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.