საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას “დესტრუქციულ ქმედებას” უწოდებს. პიკეტის მოწყობა იმ პირობის დარღვევაა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო.
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შარლ მიშელი ყველა მხარეს არწმუნებდა, რომ უნდა გადასულიყო მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმაში და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ ვნახეთ მათი [ოპოზიციის] უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთი მხრიდან”, – განაცხადა მდინარაძემ.