ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩენე, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული რთული სიტუაციისა, ეროპელები ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
“ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის დემოკრატიის იმ სტილთან, რომელსაც ჩვენ მივსდევთ. ისიც ვიცით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ძალიან აქტიურები იყვნენ ევროპარლამენტში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.” – ამბობს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, “მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ძალიან კარგად იციან, რა უნდა გაკეთდეს და ასევე რა შეცდომები იქნა დაშვებული ადრე”. რასა იუკნიავიჩენე ასევე ამბობს, რომ პოლიტიკური ტემპერატურა საქართველოში ახლა ძალიან მაღალია და ის წინასაარჩევნო გარემოში არსებულ ძალადობის ფაქტებზე საუბრობს.
“საქართველოში ჩვენ ასევე ვხედავთ ისეთ რამეს, რაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა. საუბარია ძალადობის ფაქტებზე, რომლებსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ტრადიციად იქცა, და რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამ უკანასკნელს სხვა ქვეყნებშიც აქვს ადგილი,. მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი შემცირება, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო, რომ პოზიტიური ნაბიჯებიც არის, მათ შორის, ნაწილობრივი პროპორციული სისტემის დამკვიდრება, რაც ძალიან კარგია.” – თქვა ევრო დეპუტატმა.
აქვე ევროპარალამენტარმა დააყოლა, რამენად ცუდია, რომ შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა – “ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს”, თქვა მან.
ევროპარლამენტარმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოში ლუკაშენკოსეული მართვის სტილი არ განმეორდეს.
“არის მცდელობები, რომ გააჩუმონ ის მედია, რომელსაც ოპოზიციური განწყობა აქვს და არ ემორჩილება მმართველი პარტიის ინტერესებს”, – ამბობს დეპუტატი.
იუკნიავიჩენემ არჩევნების სამართლიან და ყველასათვის თანაბარ პირობებში ჩატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ყველას უნდა მიეცეს.
“ჩვენთან ლიეტუვაში ხალხი ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია და ხმას ყველა აძლევს. პანდემია ხომ მეტ-ნაკლებად ყველგან ერთსა და იმავე დონეზეა?… წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნის ევროპულ ქვეყანაში ვერ მოხერხდეს იმის ორგანიზება, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – ამბობს რასა იუკნიავიჩენე.