ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ განიხილება.
“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით არ არსებობს ქვეყანაში.
მე და ჩემი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირებიდან გამომდინარე. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს”. – თქვა მან.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დიალოგის, ვითარების დეესკალაციის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ დასავლელი პარტნიპრების მოწოდებები არ გაითვალისწინა, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვიდა.
ის შეხვდა ოპოზიხიის და ხელისუფლების წარმომადგენლებს, 1-ლი მარტის საღამოს კი მისი მედიაციით გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი.
ჩარჩოს მიხედვით, მხარეებს შორის განხივლის თემა უნდა იყის არა 4, არამედ 6 საკითხი, მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება.
სწორედ რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები. პარტიები ხელისუფლებისგან დათმობას ამ მიმართულებით ელიან.