საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 94 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ის ადამიანები, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ყოფნის 3-თვიან ვადას დაარღვევს, ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ, იმათ კი, ვინც საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებენ, დეპორტაციასთან ერთად დახმარებაც შეუწყდებათ.
„მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და გერმანიაში 3-თვიან ვადას დაარღვევენ, დახმარება შეუწყდებათ“, – განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
,,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახის წევრის 3 თვეზე მეტი ვადით საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ოჯახმა დემოგრაფიული ცვლილების საფუძველით უნდა აცნობოს სააგენტოს, რის საფუძველზეც, 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოხდება ოჯახის სოციალურ–-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსება „ოჯახის დეკლარაცია“, – განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ცნობისთვის, გერმანიაში დროებით სამუშაოებზე სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
https://www.bpn.ge/