ხელისუფლებას სხვა პრობლემა აქვს. ვერ ხვდება დასავლეთი, რას სთხოვს. რთულია ეს გააგებინო. იმიტომ, რომ ეს არ ესმის ბიძინა ივანიშვილს და აქედან გამომდინარე სხვებსაც, – ამის შესახებ “აიპრესს” ანალიტიკოსმა პოლიტიკის საკითხებში დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.
“ხელისუფლებას სხვა პრობლემა აქვს. ვერ ხვდება დასავლეთი, რას სთხოვს. რთულია ეს გააგებინო. იმიტომ, რომ ეს არ ესმის ბიძინა ივანიშვილს და აქედან გამომდინარე სხვებსაც. მას ჰგონია, რომ ეს პრობლემა კი არა საბაბია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რაც დასავლეთიდან იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. იმიტომ, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დაკავება პროკურატურის სასამართლოს და მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ეს ყველაზე ცუდი რამეა, რაც კი შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ და რის გამოც ეს არის დასავლეთისთვის სიგნალი, რომ ავტორიტარიზმისკენ მიდის და ქვეყანა არ მიდის იმ მიმართულებით, რაც საჭიროა. ეს ნიშნავს, რომ ის არ თამაშობს იმ თამაშის წესებით, რაც მიღებულია დასავლეთში. ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ხელისუფლება ვერ ხვდება”, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა, რომელთან ინტერვიუსაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.
შეგახსენებთ, საქათველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლი მიშელმა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნა და თითქოს ყინული დაიძრა, თუმცა დღეს ერთი მხრივ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების აქცია მაინც გამართა, ხოლო მეორე მხრივ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, რამაც პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში შეიყვანა.