“ბედნიერი ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას ავრცელებენ,ყველა იმას ავლენს, რაც გულში აქვს”

“როცა გაზაფხული მოდის, აღდგომის მარხვაც იწყება. იმედი გაქვს, ეს პერიოდი დაგეხმარება და ბევრად უკეთესი იქნები, ვიდრე აქამდე!..
სირთულეც მეტია, ბრძოლებიც, გამოწვევებიც, მაგრამ მარხვაც და სულიერი ცხოვრებაც სწორედ ეს არის… იბრძოლო და არასდროს დანებდე…
ჩვენი მდგომარეობის ლუსტრაცია კი ყველაზე კარგად სოციალურ ქსელში ვლინდება.
სვავებივით დაესევიან განსხვავებულ აზრს და ნეგატივის გადმონთხევით ბედნიერობენ. ოღონდ ვინმე ჩაქოლონ და გაანადგურონ, მეტი არაფერი უნდათ.
ილანძღებიან, იწყევლებიან, იმუქრებიან… იმდენს ვერ ვხვდებიან, რომ არავის არაფერი დაუშავებია, საკუთარ შურს და ბოღმას ვერ ერევიან, მხოლოდ ამის გამო ეძებენ საბაბს, რომ საკუთარ გაუბედურებულ ცხოვრებას კალაპოტი მისცენ.
ვერც იმას ხვდებიან, ამხელა აგრესიით, ასეთი სიმძიმით არც დღე ექნებათ მოსვენება, არც ღამე. ვერ აცნობიერებენ, როგორ კლავენ საკუთარ თავში ადამიანურ საწყისებს და დაუნდობელ მხეცს აღვიძებენ, რომელიც მხოლოდ აგრესორს ჭამს და ანადგურებს, თორემ სხვას მაინც არაფერი დააკლდება.
შეიძლება ვიღაც ძალიან არ მოგწონდეს. ბუნებრივიც არის, ყველა თანაბრად არ მოგეწონება, მაგრამ ამის გამო ქვებით გამოკიდება და ხმის ჩახლეჩამდე მისული ბღავილი, ძალიან არაბუნებრივია.
სჯობს ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ, ეს არის ფსიქიკური პრობლემების სფერო…
არ არის საჭირო, ვინც არ მოგწონს, ,,გვერდზე” შეუვარდე და ლანძღო… თუ ვინმეს ძალიან აინტერესებს, მიზეზი სხვა არის, სადღაც, სხვა რაღაცაში გაქვს პრობლემა. ჯერ ის მოიწესრიგე და მერე მიხვდები, თურმე რა არაფრის მომცემი კომენტარების წერით იხეთქავ გულს, იშლი ნერვებს და ინადგურებ ცხოვრებას…
არ მოგწონს სხვისი აზრი?! ადექი და განერიდე, ან სულაც წაშალე… შენ უვარდები სხვას და კიდევ შენ ხარ დიდ გულზე?! ან გვერდით ვინმე ნორმალური არ გყავს, გითხრას, რომ სხვა პრობლემა გაქვს?!
ცხოვრება ბუმერანგია… ზუსტად ის გიბრუნდება, რასაც გაიღებ…
ამდენ ბოროტებას და შუღლს, იქნებ სხვა რამ არჩიო… გაეცი სიყვარული, მიტევება, დადებითი ენერგია… პირველ რიგში შენს თავს უშველი და ადამიანობას დაიბრუნებ, თორემ შენი ლანძღვა მხოლოდ შენ შეგრჩება, სხვას ვერასდროს დააზარალებ, შენ კი გიჟად ჩამოყალიბდები…
ბედნიერი ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას ავრცელებენ… ყველა იმას ავლენს, რაც გულში აქვს…
აღდგომის მარხვა იქნებ იმაში დაეხმაროს ყველას, რომ ადამიანები მაინც არ ჭამონ, თორემ ძეხვისგან და რძის ნაწარმისგან მარტო თავის შეკავება, მარხვა არა, დიეტაა…
გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს!..”
პეტრე კოლხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share