საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, ოქმებს, ცხადია, წარმოვადგენთ, – ამის შესახებ ISFED- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან იმ ოქმებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც 8 პროცენტიან დისბალანსზეა საუბარი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ორგანიზაცია ასევე წარმოადგენს საბოლოო ანგარიშს, თუმცა, ანგარიშში ოქმები არ იქნება წარმოდგენილი.
“მეც ასევე მივიჩნევ, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა ნამდვილად, თუმცა, ორგანიზაციამ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, ჩემი გადმოსახედიდან როცა მენეჯმენტი შეცვალა და ამიტომ ვარ მე აქ, რომ ეს გადაწყვიტა ორგანიზაციამ და მენეჯმენტი შეცვალა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, ახლა ორგანიზაცია არის საბოლოო ანგარიშის წერის პერიოდში. მე რაც ვნახე ფორმულაში დაშვებული იყო რეალურად ტექნიკური შეცდომა და ეს არ იყო მიზანმიმართული, რაზეც შეიძლება კითხვის ნიშნები ყოფილიყო, ვნახე ისიც, რომ ეს მანდატებზე არ აისახებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყო სხვაობა. ამიტომ ვფიქრობ, უფრო მეტად იყო გამოყენებული ეს შეცდომა პოლიტიკურად, ვიდრე ეს რეალურად იყო, თუმცა, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება იმ პროცესებზე საუბარი, რომელშიც არ ვიყავი ჩართული,”- განაცხადა ნინო დოლიძე.