ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სიგარეტის ღირებულება კიდევ 30 თეთრით გაიზარდა.
“გაიზარდა მაგრამ, ჩვენ გავზარდეთ თუ მომწოდებლის მხრიდანაა გაზრდილი, ამას ვერ ვიტყვი” – აცხადებენ ქსელურ მაღაზიებში.
რიგ მაღაზიებსა და მარკეტებში ფასების ზრდაში მომწოდებლებს ადანაშაულებენ, რასაც თავის მხრივ კატეგორიულად გამორიცხავენ მომმარაგებლები.
“მაღაზიები თვითნებურად ამატებენ ფასებს მეტი მოგების მიღების მიზნით. ჩვენი მხრიდან ფასების კორექტირება არ მომხდარა. მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვისაც” – ასეთია მომწოდებლების შეფასება.
ბოლო წლებში სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა, თუმცა არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, შემცირდა თუ არა მაღალი ფასების გამო მწეველთა რაოდენობა.
მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ გამორიცხულია ფასების გამო, ვინმემ სიგარეტისთვის თავის დანებება შეძლოს და ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევა თუ შეიძლება იყოს.