“ქართულმა ოცნებამ” თავი ამოწურა- ლაშა ბუღაძე

კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის – შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა, – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ციკლი დაასრულა და დიდი ხანია მათ აღარაფერი აქვთ შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის.

„ზოგადად საზოგადოების, დასავლეთის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოკავშირეების სურვილია, რომ პროცესი განმუხტოს, რომ ოლიგარქიამ დათმოს დანაშაულებრივი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები და ცივილიზებულ, დემოკრატიულ პროცესში გადავიდეს მთელი სიბრტყე საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებები ზიანდებიან, არამედ ზიანდება საქართველო, ზიანდება საქართველოს მომავალი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის. ასოციაციურად მეტეხის ეკლესიასთან ვართ და აქეთ ვახტანგ გორგასალი, აქეთ ნარიყალა და აქეთ შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა. როდესაც ამხელა მეხსიერება აქვს საქართველოს, სირცხვილია და დეგრადაციაა, რომ შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი მართლაც ასე წოვდეს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას. ციკლი დაასრულა “ქართულმა ოცნებამ”. დიდი ხანია “ქართულ ოცნებას” აღარაფერი აქვს შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ ფაქტია, დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი არსებობს იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავი, არ ასახავს ქართული პარლამენტი ქართულ საზოგადოებას, არ ასახავს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას. აქეთ არის მთელი საქართველო და იქით არის პატარა ცახესი შუშის სასახლეში”, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share