“ახლა ამბობენ, ბახმაროსაც იგივე ბედი ელისო…შენი მიწა-წყალი როგორ უნდა გაყიდო?”

“არა, ბატონო, – არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი”, ასმათ ტყაბლაძე ვარ. ან რომელ “ნაცობაზე” ლაპარაკობენ? კარგად გადახედეთ, “ოცნების” რიგებში რამდენი ყოფილი “ნაციონალია”

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც იძულებული გახდნენ, ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ: საყვარელ საქმეზე უარი ეთქვათ და ბედი სულ სხვა პროფესიაში ეცადათ. ქალბატონი ასმათი დღევანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მისთვის ჩვეული გულწრფელობით აფასებს.

– ხშირად მიფიქრია – რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს სამშობლოში და ყოველთვის

ერთ დასკვნამდე მივსულვარ: ჩვენი მთავარი სატკივარი ორად გაყოფილი ქვეყანაა – ორად გაყოფილი საზოგადოება და ორად გაყოფილი პოლიტიკოსები. ცოტაა ხალხი, რომელიც საღად, ობიექტურად აზროვნებს. რომელიმე პარტიაზე ან მის ლიდერზე საყვედურს იტყვი და მისმა მომხრემ შეიძლება იქვე დაგახრჩოს! ასეთებს სულ მინდა ვკითხო: ხომ შეიძლება ადამიანს თავისი აზრი

ჰქონდეს?! კრიტიკულად ილაპარაკებ და – “ნაცი” ხარ, მაშინვე ასეთ იარლიყს მოგაკერებენ! არა, ბატონო, – არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი”, ასმათ ტყაბლაძე ვარ. ან რომელ “ნაცობაზე” ლაპარაკობენ? კარგად გადახედეთ, “ოცნების” რიგებში რამდენი ყოფილი “ნაციონალია” და “ნაცი” მერე დამიძახონ!

ამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, მაგრამ რომელ თანაცხოვრებაზეა ლაპარაკი, ავტობუსები და მეტროს ვაგონები თუ არ დაამატეს? ჯგროდ რომ უშვებდნენ ხალხს, იმის ნახევარი შეუშვან და აუცილებელი ნორმების დაცვაზე იზრუნონ – სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. ყველაფრის ჩაკეტვითა და იზოლაციით ხალხი რა დღეში ჩავარდა, ყველამ დავინახეთ! კი ბატონო, დიდი შეღავათია, ოთხი თვე შუქის, წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადს რომ არ ვიხდიდით, მაგრამ მარტიდან ამ ყველაფერში 50%-ით გაზრდილი ფასის გადახდა მოგვიწევს. დარჩენილი 8 თვის განმავლობაში ამ ოთხი თვის დანახარჯს ბოლომდე ამოიღებენ – ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესზე ზრუნვა?!. ზრუნვა კი არა, ბიზნესს ყოფა უტირეს – სხვა სიტყვას უბრალოდ, ვეღარ ვპოულობ.

უკვე 30 წელია, გამყიდველების ხელში ვართ: ლამის მთელი საქართველო გაყიდეს, ხან ერთმა, ხან – მეორემ, ხან – მესამემ… ვინ არიან ეს მამაცხონებულები?! ხალხს რატომ არაფერს ეკითხებიან, რა უფლებით ყიდიან სახელმწიფოს, ხალხის ქონებას?! ვინ მისცა უფლება, რიონის ხეობა გაეყიდათ და იქ ჰესის მშენებლობა დაეწყოთ?!

მე მაგალითად, სულ არ მინდა იაფი ელექტროენერგია, თუ საქართველოს გაყიდიან. მთელ რიონის ხეობას 99 წლით რომ გაასხვისებ და თურქულ კომპანიას წელიწადში 16 ლარად, სიმბოლურ ფასად გადაულოცავ, ეს ღალატია, აბა, რა არის?! ესე იგი, აჩუქეს. თუ არ აჩუქეს, ვიღაცამ ფული აიღო, მაგრამ ეს ფული სად წავიდა? ქართველი მილიონერებიც ხომ გვყავს?! არ ჯობია, ქართველმა იყიდოს, ვიდრე უცხოელმა?! მთელ რიონის ხეობას მეც ვიყიდი, 16 ლარად კი არა, თუნდაც, 136 ლარად, დამთანხმდებიან?!. არ მესმის, რატომ უნდა მიჰყიდო შენი მიწა-წყალი უცხოელს, რომელიც იქ შენს შვილს არ გააჭაჭანებს?! იმის გამო, რომ მუცელი გაიძღოს, ადამიანმა ყველაფერი ხომ არ უნდა იკადროს! ახლა ამბობენ, ბახმაროსაც იგივე ბედი ელისო… წინა ხელისუფლებას ამის გამო არ ვსაყვედურობდით? როგორ შეიძლება, მთავრობამ ქვეყანა ასე გაანიავოს?! 2020 წელს სესხი რომ აიღეს – 8 თუ 9 მილიარდი ლარი, ამ ფულით ქვეყნისთვის რა გააკეთეს?! არ უნდათ, ხალხმა სიმართლე გაიგოს და დაინახოს, ალბათ ამიტომ გვეუბნებიან, თქვენ-თქვენს სახლებში ჩაიკეტეთ და ხმა არ ამოიღოთო. სანამ ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით, ლამის ნახევარი საქართველო გაყიდეს!

წყარო: გზა

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share