ეუთო/ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.
ეუთო/ოდირი ხელისუფლებას 8 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს: „შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, იმისთვის რომ ის კიდევ უფრო მეტად იყოს შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკებთან მომდევნო საარჩევნო პერიოდამდე და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის ფარგლებში; შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად. შესაძლებელია დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის აღსაკვეთად; საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამჭვირვალობისა და ნდობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიურად და საჯარო სხდომებზე განხილვა; საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისად გამოძიების მიზნით; უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების ჩარჩო პროცესის გასამარტივებლად და სამართლებრივი რეგულირების გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლებები ირღვევა, შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის; იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საარჩევნო დავის მოგვარებისადმი გამჭვირვალეობა და ნდობა, ყველა საარჩევნო დავა კომისიამ უნდა განიხილოს კოლეგიურად და ღია სხდომებზე. საარჩევნო დავების ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოების და მათი ოფიციალური პირების ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას; არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვაში გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსში უნდა განისაზღვროს შედეგების ხელახალი გადათვლისა და გაუქმებისთვის მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები. საოლქო საარჩევნო კომისიები საკმარისად დაკომპლექტებული და მომზადებული უნდა იყვნენ საჩივრების ეფექტურად განხილვისა და ყველა დარღვევის საფუძვლიანი გამოძიების ჩასატარებლად; უნდა გადაიხედოს უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა რათა ყველა კონკურენტი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით,”- აღნიშნულია დოკუმენტში.