“შეაგინე ბერას” – Facebook-ზე მთავრობის ადმინისტრაციასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, აქცია ხვალ, 18:00-დან 19:00-მდე გაიმართება. ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა. აქცია “გამოდი ღირსებისთვის” კანცელარიასთან 9 მარტს გაიმართება.
ცნობისთვის, ტვ პირველის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია ქართული ოცნების ოფისთან გამართეს, რის შემდეგაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერებით: “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”, “ბერა + ირაკლი = ძალადობას!”, “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”, “BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი“ და სხვა.
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.