ნანას,”კეთილისმსურველმა” ურჩია, ცოლად არ გამომყოლოდა- რატომ დაიწუნეს გელა ჩარკვიანი

ქართველი დიპლომატი, მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მის მეუღლესთან დაოჯახებას იხსენებს.

 

გელა ჩარკვიანი ამბობს, რომ როცა მის მომავალ მეუღლესთან ხელის მოწერა გადაწყვიტა, ერთმა ნაცნობმა ქალმა ნანას ცრუ ინფორმაცია უამბო, თითქოს მას უკურნებელი სენი სჭირდა და ცოლად არ გაყოლოდა.

“მას შემდეგ, რაც მე და ნანამ გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა, მასთან მივიდა ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ქალი და, როგორც კეთილმოსურნემ, ასე ვთქვათ, ურჩია, რომ ცოლად არ გამომყოლოდა, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია ჩემი რაღაც უკურნებელი სენის შესახებ და მე, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე წელიწადს ვიცოცხლებდი. ნანამ, ბუნებრივია, ამ ვიზიტის შესახებ მაშინ არაფერი მითხრა. გავიდა რამდენიმე ათწლეული და ის ჩვენი საერთო ნაცნობი გარდაიცვალა. ეს ამბავი საზღვარგარეთ ყოფნისას გავიგეთ და რესტორანში ვახშმობისას ჭიქა ავწიე გარდაცვლილი ქალის მოსახსენიებლად. გამიკვირდა, რომ ნანა არ ამყვა. ის თითქოს კედელზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა. ბოლოს გადაწყვიტა და ნახევარი საუკუნის წინათ, მის ბინაში გამართული საუბრის შესახებ მიამბო. გავოცდი. რაც მას კეთილისმყოფელმა ქალბატონმა უთხრა, მისივე მოგონილი ბოროტი ტყუილი იყო – მე არავითარი სენი არ მჭირდა.
როგორც მარქსი და ლენინი იტყოდნენ, ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა. აგერ მე დღესაც ცოცხალი ვარ. საუბედუროდ, აღარ მყავს ნანა”, – წერს გელა ჩარკვიანი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share