თქვენ არაფერს აკეთებთ, აქანა?!-რა ამბავს იხსენებს ჯემალ ჭკუასელი?

ჯემალ ჭკუასელი
გურიაში, სოფელ შემოქმედის სკოლაში ვსაწავლობდი. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. აი, მერვეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და საკლასო ჟურნალში ჩემი ორიანების მომრავლებაც მაშინ დაიწყო. პირველი მეოთხედის ბოლოს უკვე ყველა საგანში ორიანი მყავდა, ერთადერთი ფრიადი სიმღერაში მეწერა.
მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო. სკოლაში ეს იცოდნენ და ბევრი ყოყმანის შემდეგ მისი მიწვევა გადაწყვიტეს. სამასწავლებლოში მეც მიმიყვანეს. სკოლის დირექტორმა ქეთევან ჭანუყვაძემ მამას საკლასო ჟურნალი მორიდებით გადაუშალა, თან შუაში ჩადგა, ბავშვი არ შემოაკვდესო. სიმართლე რომ გითხრათ, ამის მეც შემეშინდა.
მამამ ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი “წარმატების” ამსახველი ორიანების გრაფა და იკითხა..
– ბოლოში ხუთიანი რაში უწერია?
– სიმღერაში – უპასუხეს ხალისიანად.
– აი სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ არაფერს აკეთებთ, აქანა?! – მკაცრად იკითხა მამაჩემმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share