სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, “პასუხს მოსთხოვს”. ბურჯანაძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ “ღირსების დაცვა” ძალადობრივი რეაქციით მკვლელობებს ახალისებს.
მას, ასევე მაგალითად მოჰყავს ბოლო დროს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც გარჩევები მოზარდების მკვლელობით დასრულდა.
“ხორავას საქმე – ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე “ღირსების დაცვას” ორი ბავშვი შეეწირა!
შაქარაშვილის საქმე – შეაგინეს ერთმანეთს, “დაიცვეს ღირსება” და 19 წლის ბიჭი მოკლეს !
ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ “ღირსება უნდა დაიცვათ” ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია.
ყველას გილოცავთ ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში… ხვალ შეიძლება თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ … აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!”, – წერს გიორგი ბურჯანაძე.