ოზურგეთში ყაჩაღობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.ქ., ყაჩაღობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 5 მარტს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „მოდერნში“ შეიჭრა, მოლარეს ცივი იარაღის მუქარით 135 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share