პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზეც არაფერი თქვა. ჩანაწერების გავრცელებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა პრემიერი ისევ დუმს.
პრემიერი გუშინ, 10 მარტსაც გამოჩნდა, მან მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი კადრები დანიშნა, თუმცა კომენტარი ჩანაწერებთან დაკავშირებით არც გუშინ გაკეთებულა.
ღარიბაშვილი ამ თემას არც სოციალურ ქსელებში გამოხმაურებია.
მისგან განსხვავებით, ჩანაწერების მეორე მთავარმა ფიგურანტმა, ბერა ივანიშვილმა ამ თემაზე ინტერვიუ “იმედს” მისცა და თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს. ბერამ აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ავთენტურია თუ არა ჩანაწერები.