სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ მოითხოვა რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს, “- ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

საქართველოს პროკურატურა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით გამოძიება 9 მარტს დაიწყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ  პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share