გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციასაც აგრძელებს. მისივე თქმით, კრემლი სისტემატურად მხარს უჭერს, ან მუდმივად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მათ მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩაგვრას.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, მათ შორის ვალდებულება, საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუზღუდავი წვდომა მისცეს.
“მოვუწოდებთ ეუთოს რუსეთზე ზეწოლისკენ, რათა მან ოკუპაცია შეწყვიტოს და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს”, — განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.
მან ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.