დამლაგებლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივიან

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიებთან დადებული ხელშეკრულებებით დაზარალებული რამდენიმე ასეული დამლაგებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სარჩელებს სახვადასხვა რაიონულ სასამართლოებში უახლოეს დღეებში შეიტანენ

ამის მიზეზი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა, ყველა იმ პენსიონერ დამლაგებელს რომლებმაც საოლქო საარჩევნო კომისიებთან  ხელშეკრულება გააფორმეს ორ დღიან მომსახურეობაზე და სანაცვლოდ ანაზრაურების სახით 80 ლარი მიიღეს – ერთი თვის პენსია – 220 ლარი დაექვითათ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მცხოვრები ნათელა ცეცხლაძე, ერთერთია iმ ასეულობით დამლაგებლიდან რომელიც ცეესკოს წინააღმდეგ, უახლოეს დღეებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ნათელა ცეცხლაძე სოფელ კვირიკეთში მარტო ცხოვრობს, მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, ამბობს რომ გულით ავადმყოფია და მას მედიკამენტების, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება, მხოლოდ სამი დღის მარაგი აქვს, ის კვირიკეთის სკოლაში დამლაგებელია, ხელფასს ყოველი თვის 25 რიცხვში იღებს, თუმცა შიშობს რომ ამ რიცხვამდე შესაძლოა ვერც მიაღწიოს.

მას არანაირი ფინანსური სახსრები არ გააჩნია და მისი ყოველთვიური ბიუჯეტის დიდი ნაწილი გათვლილი იყო პენსიაზე.

ახლა მისი სოფლისაგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ოზურგეთში ფეხით დადის, რადგამ ავტობუსის ფული არა აქვს.

ის ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი დღით, კვირიკეთის საარჩევნო უბანში დამლაგებლის პოზიციაზე დაიქირავა და ხელშეკრულებაც გაუფორმა, სამუშაოს შესრულების შემდეგ, ქალბატონმა ნათელამ 80 ლარი აიღო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალში მისულს უთხრეს, რომ ის პენსიას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ 220 ლარიან დაქვითვას სახელმწიფოს სასარგებლოდ, დათანხმდებოდა.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომაძე მომხდარს ადასტურებს და მას იმით ხსნის, რომ ხელშეკრულების დადებისას ამ მუხლის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ლომაძის თქმით, ვინაიდან საარჩევნო უბნები სკოლებსა და ბაღებშია განთავსებული ამიტომ დამლაგებლის  ვაკანსიაზე ხელშეკრულებები ადგილობრივი ბაღებისა და სკოლების დამლაგებლებთან გააფორმეს.

საოლქო კომისიაში მიიჩნევენ რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება არასწორია და მომხდარში ხელს სააგენტოსაკენ იშვერენ.

ლომაძის ინფორმაციით, მარტო ოზურგეთში, ნათელა ცეცხლაძის ბედი 19 დამლაგებელმა გაიზიარა.

გურიის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში როგორც აგვიხსნეს, მომხდარში ბრალეულობა საოლქო საარჩევნო კომისიას მიუძღვის, მათ ხელშეკრულებაში ერთი თვე მხოლოდ ოქტომბერი უნდა მიეთითებინათ და გაუგებრობას ადგილი არ ექნებოდა.

როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნინო ბედინეიშვილი გვიხსნის, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულება ორდღიანია, ის მეორე თვეში გადავიდა და კანონით ასეთი ხელშეკრულებისას მხარე თუ ის პენსიონერია, პენსიის ერთი თვის დაქვითვას ექვემდებარება.

რომ ყოფილიყო ხელშეკრულებაში 29 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მაშინ დაქვითვა არ მოხდებოდა, ვინაიდან ხელშეკრულება არის 29 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე, ანუ გადადის მეორე თვეში ვალდებული ვართ დავუქვითოთ.

ეს გადაწყვეტიელბა მიღებულია მიმდინარე წლის 27 იანვარს, ამ ადამიანებს ექვითებათ გასული წლის ნოემბრის პენსია 220 ლარი, ვინაიდან ის უკვე აღბული აქვთ, მიმდინარე წლის მარტიდან, პენსიის სრულ თანხას მხოლოდ მაშინ აიღებენ, როგორს კი 220 ლარიან დავალიანებას დაფარავენ – გვიხსნიან გურიის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში

სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, არაოფიციალურად გვეუბნებიან, რომ მიმდინარე წლის 27 იანვრამდე, ანუ მანამ, სანამ უწყება ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მათმა ხელმძღვანელობამ სამჯერ არაოფიციალურად მიმართა თხოვნით თამარ ჟვანიას ცეესკოს, რომ ეს ხარვეზი გამოესწორებინა, ანუ ხელშეკრულების დასრულების თარიღად, დამლაგებლებთან,  1 ნოემბრის ნაცვლად 31 ოქტომბერი ჩაეწერა, თუმცა ჟვანიას უწყებამ ეს არ გააკეთა.

მომხდარით აღშფოთებას ვერ მალავენ ოპოზიციაში – ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერის, დავით მჟავანაძის თქმით, ეს მეტყველ;ებს ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც არაკვალიფციურობაზე ასევე მათ დამოკიდებულებაზე უბრალო მოქალაქეების მიმართ.

„ჯერ ბოლო საპარლამენტო არჩვნებზე დამლაგებლები პირველად დაამატეს, უბრალოდ იმიტომ რომ რამდენიმე ათასი ხმა ეყიდათ, შემდეგ კი მათ მოექცნენ ისე როგორც „ქართული ოცნება“ ექცევა ქართველ ხალხს. ეს ამაზრზენია და მინიმუმ პენსიის ერთი თვის დაქვითვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს“ – აცხადებს მჟავანაძე.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share