მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია ,,პირველისგან” იმ კონვერტისა და ელექტრომატარებლის გადაცემას ითხოვს, რომლითაც სკანდალური ფარული ჩანაწერები მიიღეს. ,,დღის ამბებში” ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ამის შესახებ ისაუბრა:
-ეს განჩინება პროკურატურას აძლევს უფლებას, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიება. ამით სპეცოპერაციას მწვანე შუქს უნთებს და უფლებას აძლევს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. მთავრობა ახალ ეტაპზე გადავიდა, მათი მიზანია ტელევიზიებში შესვლა, სამუშაო სივრციდან კომპიუტერების ამოღება და ა.შ. ჩვენ ველოდით შტურმს და ეს შტურმი მალე დადგა… რასაც ითხოვენ, ბუნებაში არ არსებობს! რა ფორმით გადმომეცა, არ ვიტყვი, რადგან დარტყმის ქვეშ დავაყენებ წყაროს…
ეს არის გამომძიებელი ჟურნალისტების ტერიტორია. ზოგიერთ გამოძიებაზე რამდენიმე კვირის წინ გვაქვს დაწყებული მუშაობა. შაბათს გამოძიება გვექნება პრემიერ ღარიბაშვილზე, რომელიც ეხება გადამალულ ბიზნესინტერესებს და მის კავშირს ზონდერჯგუფებთან. უნდათ, გაარკვიონ ყველა გამოძიება, რომლებზეც ვმუშაობთ, _ ამბობს მელაძე.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მისი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმება, მელაძე ამბობს:
“იმედზე” გავიდა ვრცელი მასალა, რომ იგეგმება ჩვენი ლიკვიდაცია. მაინტერესებს, პროკურატურისთვის იყო თუ არა გონივრული ვადა დღეს დილამდე, რომ დაეწყო გამოძიება. ასეთი მასალების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებით, თან ისე, რომ მეორე მხარის პასუხი არ არის, წარმოგიდგენიათ, ჩვენი ოჯახის წევრები რა დღეში არიან და დედაჩემი რა დღეშია ამ წუთებში?! მათ ამის პასუხისიმგებლობა არ გააჩნიათ, ბოლომდე უნდათ, გაანადგურონ რეპორტიორი, რომელიც პატიოსნად ასრულებს თავის საქმეს… მე არ მყავს დაცვა, მე მიცავს თავისუფალი სიტყვა!”