გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობა შეჩერებულია, ეკონომიკის სამინისტრო ინტერპრეტაციას უწოდებს და აცხადებს, რომ შეჩერებულია მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა იმ დრომდე, ვიდრე რამდენიმე კვლევის ხელახალი გადამოწმება არ მოხდება.
„განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი; „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს; შეიქმნება „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს ქუთაისში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს შეხვდნენ.