ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ TV პირველი “ნაცმოძრაობაა” და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან სუბსიდირდება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“TV პირველი არის ნაცმოძრაობა, ხომ? ყველამ კარგად ვიცით, TV პირველი ეს არის ნაციონალური მოძრაობის პარტიული ერთ-ერთი ტელევიზია, ისევე, როგორც მთავარი. ყველაფრით [შეგვიძლია ეს დავადასტუროთ], მათ შორის, დაფინანსებით. ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, ახდენს ამ ტელევიზიის სუბსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია, ხდება მისი სუბსიდირება.
მიხეილ სააკაშვილი თქვენ რა გგონიათ, როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის, ასე ვთქვათ, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი, ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა და ეს არის მედია რესურსი, რომელიც, მათ შორის, ამ მოპარული ფულით ფუნქციონირებს”, — თქვა მან.
კობახიძის აზრით, TV პირველის მხირდან სასამართლოს განჩინების შემდეგ, “ღიმილისმომგვრელი კამპანია” ვიხილეთ.
“მკაფიოდ გაკეთდა განცხადება თავიდანვე, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ იძულების პროპორციულ ზომაში, თან პროპორციული სიტყვაა მანდ მნიშვნელოვანი, საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივი პრინციპების დაცვით მოქმედებს ყველა შემთხვეაში სამართალდამცავი ორგანო, როდესაც რეაგირებს გარკვეულ ფაქტზე. კამპანია აწიეს ტელევიზიაში შეჭრაზე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე და ასე შემდეგ”, — თქვა მან.