ქართული ოცნების ყოფილმა კონსულტანტმა და POSTV-ის დამფუძნებელმა, ლაშა ნაცვლიშვილმა POSTV-ში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ ტელევიზიას ტოვებს. ნაცვლიშვილი წერს, რომ მისი წასვლით ტელევიზიაში “შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება”.
“ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი… გარწმუნებთ, პოსტივიდან ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!”. – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
ლაშა ნაცვლიშვილმა 21 თებერვალს თქვა, რომ POSTV-ში ბრუნდებოდა “2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვრის დასაცავად”.
23 თებერვალს, ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნაცვლიშვილმა ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა. “ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს”. – თქვა მან.