დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს, სადაც ისაუბრებენ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესებსა  და იმ მოლაპარაკებებზე, რომელსაც შარლ მიშელი უწევს მედიაციას.

პრესსამსახურის ინფორმაციის, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატოში.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის მიხედვით, შეხვედრების განმავლობაში საუბარი იქნება ასოცირების შეთანხმებაზე, ოკუპაციის საკითხზე, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

“ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენს შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას, ამიტომ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. პრემიერმინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ეკონომიკური მიმართულება ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია, ასევე დემოკრატია, მართლმსაჯულება და ყველა ის საკითხი, რომელსაც ფარავს ასოცირების შეთანხმება, იქნება განხილული“. – ამბობს დავით ზალკალიანი.

რაც შეეხება შეხვედრების განრიგს, 16 მარტს, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს  შეხვედრები გაიმართება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ამასთან ერთად, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share