საქართველო კანადასთან და თუნისთან ერთად იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მიიღეს და ძალაში მიმდინარე კვირის ბოლოს შევა.
სია, რომელშიც საქართველო ზაფხულში მოხვდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოადგენდა, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლო.
ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ საჰაერო საზღვარი მხოლოდ ხუთ ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) გაუხსნა, ხოლო რეგულარული ფრენები მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა – რიგა, პარიზი და მიუნხენი.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო კვირებში განსაკუთრებით დამძიმდა. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა ყოველდღიურად 1000-ს გადააჭარბა. საქართველოს მთავრობამ სწორედ ახლა მიიღო გადაწყვეტილება, ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით დაამატოს.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 21 088 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 9 003 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 172 პაციენტი.