შპს Black Sea Arena Georgia-ში 107 თანამშრომელია დასაქმებული. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საკონცერტო დარბაზმა მასში დასაქმებულებზე 2018-2019 წლებში 1.1 მილიონი ლარის პრემიები გასცა. მათ შორის 315 ათასი ლარის პრემიები – 2019 წელს და 759 ათასი ლარის პრემიები – 2018 წელს.
ამასთან, კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასები 2019 წელს 2.53 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს – 2.87 მილიონი ლარი.
კომპანიას ტარიელ ხარჩილავა მართავს, მას ქონებრივი დეკლარაცია 2-ჯერ აქვს შევსებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში დეკლარაციის ერთ-ერთი მთავარი გრაფა – ხელფასის გრაფა არ აქვს შევსებული. BMG-ისთან საუბარში 2020 წლის დეკემბერში ხარჩილავამ აღნიშნული “ტექნიკური შეცდომით” ახსნა. მას შემდეგ, ტარიელ ხარჩილავამ საჯარო სამსახურის ბიუროს აცნობა, რომ 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში ხელფასის შესახებ მონაცემები გამორჩა და 2019 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით „ბლექ სი არენას“ დირექტორის პოსტზე 79,900 ლარის შემოსავალი მიიღო.
შემოსავლის გრაფა ცარიელია. აღნიშნული მან „ტექნიკური შეცდომით“ ახსნა და დაგვპირდა, რომ დეკლარციას სრულად შეავსებდა.
აღსანიშნავია, რომ bm.ge-მ “ბლექ სი არენას” მენეჯმენტისგან დირექტორის მოადგილეების და მათი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვა, მაგრამ სახელმწიფო საწარმოს აღნიშნული ამ დრომდე არ მოუწოდებია. როგორც ცნობილია, Black Sea Arena-ს დირექტორი ერთ-ერთი მოადგილე ამიკო ჯანელიძეა, რომელიც თავის მხრივა, ბერა ივანიშვილის მეჯვარეა.
2020 წლის განმავლობაში Black Sea Arena-მ სახელმწიფოსგან 24.8 მილიონი ლარის მიწები და შენობა-ნაგებობები მიიღო. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. როგორც ტარიელ ხარჩილავამ bm.ge-ის უთხრა, საუბარია “ბლექსი არენა ჯორჯიას” წინა და უკანა მხარეს არსებულ მიწასა და შენობა-ნაგებობებზე, რომელსაც დარბაზი ისედაც საპარკინგედ იყენებდა. მისი თქმით, პარკინგი, დაახლოებით, 3 600 მანქანაზეა გათვლილი.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფომ დარბაზს სუბსიდიის სახით 10.4 მილიონი ლარი გადაურიცხა, რაც 2018 წლის სუბსიდიაზე 2.8 მილიონი ლარით მეტი იყო. ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელი დარბაზმა 2.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. Black Sea Arena-სთვის ზარალიანი იყო 2018 წელიც, რაც 4.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
2019 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 55.4 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მალევე, ივანიშვილმა დარბაზი სახელმწიფოს აჩუქა. ამჟამად, აქტივს შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” მართავს, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.