“მთავარი არხის” ჯგუფის ცნობით, რომელიც ზუგდიდში მუშაობს, გამთენიისას გაათავისუფლეს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი ორი პირი. თავდამსხმელის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
უცნობია ასევე მძევლების გათავისუფლების დეტალები.. სავარაუდოდ, განცხადებას შსს ცოტა ხანში გაავრცელებს.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შეიჭრა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი.
მანამდე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, მან 500.000 დოლარი, მანქანა ან ვერტმფრენი და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა მოითხოვა. მასთან მოსალაპარაკებლად მოგვიანებით, სამხარეო პოლიციის უფროსი შევიდა, რომელიც მძევლებს, სავარაუდოდ, მისივე სურვილით ჩაენაცვლა.
შსს-მ ღამით ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია და ეს სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას ძალისხმევით მოხერხდა. არცერთ განცხადებაში არაფერია ნათქვამი თავდამსხმელის გადაადგილების მარშრუტზე ან მის ადგილსამყოფელზე. ბოლო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები თავდამსხმელის დასაკავებლად.
ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს დღის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ზუგდიდის პროცესების შესახებ ყველაფერი ცნობილია და ხვალ გასაჯაროვდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების ფონზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მთავარი სამიზნე კრიტიკული მედია გახდა. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხი” “გლავკანალად, ხოლო ტვ პირველი “პერვი კანალად” მოიხსენია და მათ საქმიანობაში სისხლის სამართლის ნიშნები დაინახა, ხოლო შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ შემთხვევის ადგილიდან ლაივ-სიგნალების გათიშვა მოითხოვა.