2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით (5 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);
მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2%-ით)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8%-ით)
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2%-ით)
2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების – 1 581.5 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2020 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 12.2 ლარით გაიზარდა და 1417 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 319.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.35%-ით), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2 257.2 ლარი, გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.