“მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ყველა საკითხზე შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ პოზიციები. მედიატორი ამზადებს დოკუმენტს და იმედს ვიტოვებ, იქნება შესაძლებლობა ვთქვათ, რომ ჩვენი კამათის, დისკუსიის შემდეგ ყველა საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე შეხვედრამდე განაცხადა.
„მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. დღესაც ვთვლი, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს შეთანხმება არ არის სად იქნება ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ სად იქნება ჩვენი ქვეყანა. ამ შეთანხმებას აქვს სასიცოცხლოდ დიდი მნიშნველობა ჩვენი ქვეყნისთვის და აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – ევროკავშირი. ვფიქრობ, რომ დღეს გაგრძელდება მუშაობა ისეთივე ინტენსივობით, ორივე მხარის ისეთივე ჩართულობით და დახმარებით მედიატორის მხრიდან, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი პოზიციები დაახლოვოს.
ჩვენ ამას ვერ შევძლებდით მედიაციის გარეშე. ბატონი დანიელსონის დახმარებით ჩვენ შევძლებთ დავაახლოვოთ ეს პოზიციები და უფრო მეტი გაიგოს საზოგადოებამ სად ვართ. იმის გათვალისწინებით, რა ინტენსივობითაც ვიმუშავეთ გუშინ და რამდენი საკითხის განხილვაც მოვასწარით, მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ყველა საკითხზე შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ პოზიციები. მედიატორი ამზადებს დოკუმენტს და იმედს ვიტოვებ, იქნება შესაძლებლობა ვთქვათ, რომ ჩვენი კამათის, დისკუსიის შემდეგ ყველა საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით. არ მინდა ვისაუბრო იმ სცენარზე რა მოხდება და როგორ იქნება ქვეყნის შემდეგი ნაბიჯები თუ ჩვენ ვერ შევძლებთ შეთანხმებას.
ყველა პარტია, რომელიც მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა მთელი ოპოზიცია ერთიანია და მინდა ვთხოვო პრემიერ- მინისტრს, რომ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც რადიკალურია, არ არის სწორი. ეს ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესს. ოპოზიციის ერთიანობამ განაპირობა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტურ საკითხებზე შევთანხმდეთ. ამ პროცესში გვაქვს ერთიანი მოთხოვნები, მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, რომელიც 1 მარტს პრეზიდენტმა მიშელმა წარმოადგინდა და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ შეთანხმებას. ეს იქნება კომპრომისებზე დაფუძნებული შეთანხმება და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, არა რომელიმე მხარე“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.